პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.
გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ოპოზიციასთან – 20 პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შემუშავდა ჟურნალისტებს თავად წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენიშვნები განსაკუთრებულად მომზადდა და სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა.
პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები პირველ 4 პუნქტში, თავიდან ბოლომდე იმეორებს ვენეციის კომისიის წინაშე “ქართული ოცნების” მიერ აღებულ ვალდებულებას. ეს ის საკითხებია, რომლებზეც “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიასთან ჩასწორების ვალდებულება აიღო: ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში: ბონუსის, საარჩევნო ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მე-5 საკითხიც ასევე “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის – ეს 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხია.
“როგორც ცნობილია, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში ხმები აკლდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” პარლამენტში ამ საკითხის გადატანას მხარს დაუჭერს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ოპოზიცია მხარს დაუჭერს და ხმას მისცემს ამ საკითხს და შედეგად, ისიც სრულიად უმტკივნეულოდ, ის რასაც “ქართული ოცნება” ჰპირდებოდა საზოგადოებას გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციაში.
ბოლო საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტია ოპოზიციასა და მთელ ქართულ საზოგადოებასთან ვერ შეთანხმდა. მაგრამ აქაც გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ წარვადგენ შეთავაზებას. ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ 6 შეთავაზების განხილვის და გაზიარების შემთხვევაში, მივაღწევთ ძალიან ბევრს: მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა და ვაჩვენებთ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, რომლისკენაც მოგვიწოდებს ვენეციის კომისია და მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და ცდილობდა, რომ შემდგარიყო ხელისუფლებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები.
“მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ პარტიებს, რომლებიც მივიდნენ ამ კონსენსუსამდე და რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მართლაც შეთანხმების დოკუმენტს.
ამ შენიშვნების 6 პუნქტიდან 5 ხელისუფლების ინიციატივაა და ერთი რომელზეც ვერ ვთანხმდებით კი არ არის გადაწყვეტილი, არამედ მომავალშია გადადებული. ამაზე უფრო კონსტრუქციული შეთანხმება მე ვერ წარმომიდგენია. ამის იქით არის უკვე დათანხმება და არა შეთანხმება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადამიანები, რომლებსაც ქართველმა ხალხმა თავიანთი ცხოვრების განკარგვა და კონსტიტუციის შექმნა ანდო, ამ შეთავაზებას გაიაზრებენ, არა პარტიულ კონტექსტში, არამედ ისე, როგორც უნდა იყოს გააზრებული კონსტიტუცია, როგორც ქართულ საზოგადოებასთან უმაღლესი თანხმობის დოკუმენტი.
“ისინი ხმას მისცემენ არა პარტიული კონიუნქტურიდან გამომდინარე, არამედ ხმას მისცემენ თავისი სინდისის, პოლიტიკური მრწამსისა და მომავალთან პასუხისმგებლობის სულისკვეთებით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/834701016698173/

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტი „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ გრძელდება
შემდეგი სტატიაშსს ბათუმში ღამით მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა