პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციასთან საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას უმასპინძლა.
საუბარი ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს პრეზიდენტის პირადი ჩართულობის მნიშვნელობა წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის გააქტიურების მიზნით.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნების პროცესში.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისა და ქართველ ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტიურობის მნიშვნელობა.
საუბარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშისუს-ში „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“8 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება”- ვანო მერაბიშვილის განცხადება