პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ თანხმობის კუთხით რაღაც დარჩეს – წერეთელი

თუკი არ იქნება ხელისუფლებისგან გაგება მთელი იმ სირთულის და პრობლემის, რაც დღეს არის საქართველოში და თუ არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, ეს პროცესი უბრალოდ იქნება საინტერესო დისკუსიების დონეზე და პრაქტიკული გადაწყვეტა ამას არ ექნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ თანხმობის კუთხით რაღაც დარჩეს.

„როდესაც ასეთი მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, როდესაც საერთო შეთანხმებაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს ამ მოკლე ვადაში რა შეიძლება მოხდეს განმუხტვის კუთხით.

რაც დავინახე, პრეზიდენტს აქვს უფრო გრძელვადიანი ხედვა და ძალიან რთულად წარმომიდგენია ნებისმიერი კონკრეტული ნაბიჯის გარეშე ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხარეს, იმიტომ, რომ თუკი არ იქნება ხელისუფლების მიერ გაგება მთელი იმ სირთულის და პრობლემის, რაც დღეს არის საქართველოში და თუ არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, ეს პროცესი უბრალოდ იქნება საინტერესო დისკუსიების დონეზე და პრაქტიკული გადაწყვეტა ამას არ ექნება.

ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას იმ მომენტამდე ვიდრე დავინახავთ, რომ რაიმეს შანსი არსებობს. პირველ რიგში ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ნაბიჯებზე, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია იდეა, პროცესი, მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაც დარჩეს თანხმობის კუთხით, ეს სიმპათიურად და მნიშვნელოვნად გამოიყურება, მაგრამ წარმოუდგენელად გამოიყურება თუკი ამას შემხვედრი ნაბიჯები არ ექნება ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიმასობრივი შიმშილობა არის წინააღმდეგობის ძალიან მძლავრი ფორმა – ხოშტარია
შემდეგი სტატია„ჩვენზეა მორგებული“ – რას ფიქრობს ხალხი მგზავრობის სააბონენტო სისტემაზე