პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიდოს ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიდოს ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“2015 წელს მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ამ მიმართულებით. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული სააარჩევნო სისტემისთვის. პასუხი ამ თვალსაზრისით არის ნათელი, რომ საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, თუ რა ვადები უნდა განისაზღვროს ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. მთელი პოლიტიკური სპექტრი – არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეტიც, საქართველოს მოსახლეობის 240 ათასზე მეტი ხელმოწერით დადასტურებული პეტიციით მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომ ეს განხორციელდეს 2016 წელსვე, ხოლო განსხვავებული პოზიციაა მმართველ კოალიციაში, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს. მე ვფიქრობ, რომ მთლად არგუმენტირებული და გასაგები, თუ რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა, რომ კარგია და მისაღებია კიდევ ოთხი წლით, გაუგებარია ჩემთვის. მე მიმაჩნია და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ თანხმობამდე ამ საკითხთნ დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა მისი შეფასებით, ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური ტიპისაა და “არანაირად არ წარმოადგენს იმ საარჩევნო რეფორმას, რომელზეც წლებია ვმუშაობთ”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება