პრეზიდენტის ვეტოზე ვიმსჯელებთ, თუმცა თავისთავად, ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებულ ვეტოს უარყოფითად აფასებს.

კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხზე პარლამენტი უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.

„პრეზიდენტის ვეტოზე ვიმსჯელებთ, თუმცა თავისთავად, ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი. რეალურად, ეს უპრეცედენტო რეფორმა იყო, რომელიც პარლამენტის მიერ გატარდა და ადგილი გარკვეულ მცდელობას ჰქონდა, რომ ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენება მომხდარიყო, რაც ნამდვილად დასანანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო გასულ კვირას დაადო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოსამართლეების მიერ უნდა მოხდეს და არა იუსტიციის საბჭოს მიერ. ასევე, პრეზიდენტის აზრით, ერთი და იმავე პირს საშუალება აღარ უნდა ჰქონდეს სასამართლოს თავმჯდომარე იყოს და ამავე დროს, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება შემდგომ დანიშვნებზე აღარ უნდა მოხდეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა კანონით უნდა დაზუსტდეს.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროება ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის – კალაძე
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროდან თებერვლის თვეში 3800 ადამიანის გაშვება იგეგმება – “ენმ”