პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით უფროსკლასელები ფინანსურ და სამეწარმეო განათლებას მიიღებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ფინანსური განათლების შესახებ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყეს.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით დაწყებული პროექტი თბილისისა და რეგიონების უფროსკლასელებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანდ.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს ხელი.
ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის “მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ” მონაწილე საჯარო სკოლების 1000 მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენენ ლექციას თემაზე ,,ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე’’.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო, რაც იმის დასტურია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს განათლების სფეროს განვითარების საკითხებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური განათლების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ფინანსური სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ფინანსური განათლების შედეგად მომხმარებლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის, ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში.
ფინანსური ინსტიტუტები კი იღებენ ინფორმირებულ მომხმარებლებს, რაც მათთვის შემცირებულ რისკებს გულისხმობს. სასურველია, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშილარის გაუფასურების გამო, საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტრო სესხების გალარების პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს