პრეზიდენტის პრესსპიკერი ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით პარტია „ეროვნული ფორუმის“ ბოლო განცხადებას გამოეხმაურა

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტიპრეზიდენტის პრესსპიკერი ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით პარტია „ეროვნული ფორუმის“ ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის გაუგებარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მათი არათანმიმდევრული დამოკიდებულება.
„გავიხსენებ გუბაზ სანიკიძის განცხადებას მოკლე მეხსიერებასთან დაკავშირებით, რომელიც მან პრეზიდენტის საპარალამენტო გამოსვლისას გააკეთა.

დიახ, არ უნდა გვქონდეს მოკლე მეხსიერება და ჩვენ ყველას გვახსოვს „ეროვნული ფორუმის“ პოზიციები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე – საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ხმის მიცემასთან, პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით, რომელთა სისწორეში საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა და ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ნამდვილად არ სჭირდება მოწოდება, თუ როგორ მოიქცეს ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში.

პრეზიდენტისთვის ასევე გაუგებარია, რატომ დაინახეს მათ სასამართლო სისტემაში მხოლოდ ახლა პრობლემები, მაშინ როდესაც„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია სრულიად საპირისპირო პოზიციები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ე.წ. „კაბელების საქმის“ მიმდინარეობას.

პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი, რაც წლების განმავლობაში მან არაერთხელ დაამტკიცა. ინსტიტუციების გამართულად მუშაობა სწორედ ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტია. პრეზიდენტი პატივს სცემს ინსტიტუციებს და არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ვერ წაართმევს სასამართლოს მართლმსაჯულების უფლებას. უფლებას, რომ ბოლომდე განიხილოს საქმე. თუმცა ხედავს რა, „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით იმას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს კითხვები, პრეზიდენტი ყურადღებით დააკვირდება პროცესის მიმდინარეობას.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოს გამართულად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. მათ შორის უზენაესს სასამართლოსაც, რაზეც ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სამი მოსამართლე ჯერ კიდევ ელოდება პარლამენტისგან დამტკიცებას, რომ საკუთარ საქმიანობას შეუდგეს“, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ინდური ფილმის ,,ზიტა და გიტას“ ვარსკვლავი ჰემა მალინი მიიღო
შემდეგი სტატიაგემების მოძრაობის მონიტორინგის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა