პრეზიდენტის პოზიცია საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანობა და თანადგომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით შედგა.

შეხვედრაზე საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტზე ისაუბრეს.

რამდენიმე დღის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს დადების მოთხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს ბიზნესასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციას განსხვავებული პოზიცია გააჩნია და მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ამ კანონთა პაკეტს ვეტო არ უნდა დაადოს.

„ჩვენ მოვისმინეთ ყველა მხარის პოზიცია, როგორც ბიზნესის ასევე, არასამთავრობოების. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული პოზიცია. ერთ საკითხზე ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც შეიძლება იყოს ინიცირებული და კანონის სახით წარმოდგენილი, არანარი ფორმით არ უნდა აუარესებდეს არც ერთი მხარის მდგომარეობას“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას საპოლიციო გამოსახლების კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დღის მეორე ნახევარში გააცნობს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ალეკო ელისაშვილი არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა
შემდეგი სტატიაგურჯაანში 40 წლის კაცმა 11 წლის ბიჭი გააუპატიურა, შემდეგ კი 5 ლარი აჩუქა