პრეზიდენტის მიმართვა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლებს

“ამ რთულ ვითარებაში ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა”, – ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლებს. მიღება და მათი დაჯილდოების ცერემონიალი კი, ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

“მოხარული ვარ, რომ აქ, ამ ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. თქვენი დარგი, თქვენი წამოწყება, სტარტაპები და ინოვაციების, ტექნოლოგიების მთელი ეს სფერო არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დღეს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ხვალინდელი დღისთვის იმიტომ, რომ ეს ის მზარდი სფეროა, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ ქვეყანაშიც შემოიტანოს ინვესტიციები, ჩვენი თავიც გავიტანოთ და გავაცნოთ მსოფლიოს და მსოფლიო ბაზარს და ამით შევუწყოთ ხელი ყველანაირ განვითარებას. ტექნოლოგიები და ინოვაციები, ამით ვითარდება რეალურად ქვეყნის ეკონომიკა და ამის გარეშე არ ვითარდება. ამიტომ, ეკონომიკის ხაზზე თქვენ ხართ ჩვენი ფრონტი, ასე რომ ვთქვათ, და არა მხოლოდ ეკონომიკის, აქ შედის ყველაფერი: ცოდნა, ცოდნის განვითარება, განათლება და საერთოდ ქვეყნისა და მისი ეკონომიკის დინამიზმი. თუ არაა დინამიკური, მაშინ რაღაც მდორედ მიდის და ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა.

ასევე, თქვენ წარმოადგენთ იმ სექტორს, რომელიც ძალიანაა დაკავშირებული ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვიცი, რამდენად ხართ მასზე გადაჯაჭვული და დამოკიდებული, თქვენი განვითარებაც მასზეა დამოკიდებული და ამიტომ, დღევანდელ მოცემულობაში, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ არა უიმედო, ამ რთულ ვითარებაში ჩვენ სწორედ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ ეს ურთიერთობები და დავიცვათ ამ ურთიერთობების მომავალი განვითარება, ანუ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა.

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბერში მიწვეული ვარ საფრანგეთში, ფრანკოფონიის სამიტზე რომლის ფარგლებშიც სწორედ ინოვაციების და ტექნოლოგიების ძალიან დიდი შეხვედრა იმართება. მე მიწვეული ვარ, როგორც პრეზიდენტი და მთხოვეს, რომ თუ იქნება თქვენთან ერთად საშუალება, დელეგაცია იყოს სწორედ სტარტაპების და ამ სფეროს წარმომადგენლების, რომლებიც სამიტის ფარგლებში შეიკრიბებიან და საშუალება ექნებათ, ერთმანეთთან ჰქონდეთ გაცნობით შეხვედრები. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს მომავალი თვეები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გიორგი ტუხაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაში„პოლიტიკო“ – ჯო ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურას თუ მოხსნის, დონალდ ტრამპის დამარცხების შანსები ჰილარი კლინტონს და კამალა ჰარისს აქვთ
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი – ნატო-ს სამიტი გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ალიანში გაწევრიანების გზაზე