პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში – დებატები არ იქნება

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. დებატები, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, სავარაუდოდ, არ გაიმართება და პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოვლენ.

„ოპოზიცია ითხოვს დებატებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს დებატები გაუგებარი ფორმა არის ამ კონკრეტული შემთხვევისთვის” აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

მმართველი გუნდის განმარტებას აბსურდულად მიიჩნევენ ოპოზიციაში. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მარგველაშვილთან პირადი დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.

„ქართული ოცნება ყველანაირად ეცდება, რომ პრეზიდენტის მოსვლა იყოს არა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, არამედ ყველანაირად დაამსხვრიოს მნიშვნელობა მისი მისვლის. მათ აქვთ რაღაც პიროვნული ვენდეტის მსგავსი, ჩემი აზრით ივანიშვილის დავალებით მარგველაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ვენდეტის განხორციელების დროს ვერ ხვდებიან, რომ უპირველეს ყოვლისა აზარალებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

“ევროპული საქართველოს” ლიდერები კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი დამოკიდებულებით, პრეზიდენტის გამოსვლის „მიფუჩეჩებას“ ცდილობს.

„ქართული ოცნება ცდილობს, რომ მიაფუჩეჩოს პრეზიდენტის გამოსვლა და ის არ ჩატარდეს პოლიტიკური დებატების რეჟიმში. გარდა იმ საკითხებისა, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ განვითარებას, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, მედიაპლურალიზმს, პირველი ამოცანა იქნება ჩვენი, ყურადღება გავამახვილოთ ეკონომიკაზე,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ქარიზმატული არ უნდა იყოს – სოფო კილაძე
შემდეგი სტატია​საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით დღეს ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა