პრეზიდენტის აზრით, ის, რაც თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში ხდება, სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას აფერხებს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ის, რაც ახლა თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში ხდება, ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენციაა.

გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააცნო.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება 2004 წელს მოახდინა. ქარტიის მთავარი პრინციპი კი, თვითმმართველობის გაძლიერება და არა შესუსტება-შეზღუდვაა.

მიშველაძის განცხადებით, ევროპაში, რომლის ნაწილიც საქართველოა და საითკენაც ქვეყანა მიისწრაფვის, თვითმმართველობა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია.

„პრეზიდენტის აზრით, ის, რაც ახლა თვითმმართველობასთან და თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში ხდება, ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენციაა და სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას აფერხებს, ვინაიდან, თვითმმართველობის ფუნქციის დაკნინება პირდაპირპროპორციულია რეგიონების ეკონომიკურ ზრდასთან, თვითმმართველობის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო და სამოქალაქო ფუნქციონირება, ვინაიდან თვითმმართველობა არის უმთავრესი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ზუგდიდს გუშინ, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუჩერდა. სამთავრობო ინიციატივას სხდომაზე მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, საკრებულოს სამი წევრი იყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, 14 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, გაერთიანების შედეგად, შვიდი ქალაქი იქნება. სამინისტროს წინადადების განხილვა პარლამეტში ივნისში დაიწყება. საბოლოო ვარიანტს კი, კენჭს საგაზაფხულო სესიის ბოლოს უყრიან.

banner
წინა სტატიაშიარის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება
შემდეგი სტატიანინო შუბლაძე: „დროა, დავუბრუნდე „დიდ ავიაციას!“