ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო.
28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორი და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი დააკვირდება.
„საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 705 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 278 450 ბიულეტენი.
ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე – 133 საარჩევნო უბანს. ასევე 4 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის“, – აცხადებენ ცესკო-ში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 528 658 ამომრჩეველი.