პრეზიდენტის არჩევის წესი მისი ფუნქციების შესაბამისი უნდა იყოს – თალაკვაძე

პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებების და პოლიტიკური როლის შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ქვეყანა მიდის საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც საკონსტიტუციო კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება, მსჯელობა აუცილებელი იქნება არსებული წესის გადახედვაზე.

„ჩვენ კი არ ვიხრებით საპარლამენტო მოდელისკენ, არამედ ეს მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, ამ მოდელზეა მორგებული და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაძლო შემცირებას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.

„თუ მოხდება კონკრეტული ცვლილებები პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებზე მსჯელობს.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს ხალხი და არა პარლამენტი” – ინაშვილი
შემდეგი სტატია“ვადევნებთ თვალყურს ყველა საკითხს, გვექნება ჩვენი პოზიცია”- დოლიძე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებზე