პრეზიდენტის არჩევის წესი, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე არ უნდა იყოს მორგებული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება არ უნდა წაართვან.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა.

„სულ ახლახანს დავიწყე კამპანია “კონსტიტუცია ყველასია”, იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფორმატი შეხვედრებზე ნათნად ჩანს, რომ საზოგადოებას ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო მოსაზრება აქვს.

„საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაოობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური დაცვის კიდევ უფრო ნათელი და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში. არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება.

პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებას ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა სჭირდება.

„მოვუსმინოთ ხალხს! და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთისახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვანები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეებისა და არა მტრების ძებნას
შემდეგი სტატიასამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა – პრეზიდენტი ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს