პრეზიდენტის ამ თავისუფალმა გამონათქვამმა, ეს განცხადებაც არ იყო, თავისი პირველი, უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო

„პრეზიდენტის ამ თავისუფალმა გამონათქვამმა, ეს განცხადებაც არ იყო, თავისი პირველი, უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო“ – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ გამოთქმულ ინიციატივას.

რომან გოცირიძის თქმით, მარგველაშვილის ინიციატივაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პასუხით ოკუპანტი მხარე მშვიდობისმყოფელად გამოჩნდა.

„პრეზიდენტის ამ თავისუფალმა გამონათქვამმა, ეს განცხადებაც არ იყო, თავისი პირველი, უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო და რუსეთს მივეცით იმის საბაბი, რომ ის წარმოჩენილიყო მშვიდობისმყოფელად, კონსტრუქციულ მხარედ, მოლაპარაკების მსურველად და თითქოსდა, ეს მოლაპარაკება შესაძლებელი ყოფილიყოს საქართველოსთან რაიმე რეალური შედეგის დადგომის გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ დღეს არავითარი შანსი არ არსებობს მოლაპარაკებით რაიმე ისეთი შედეგის მიღებისა, რომელიც იქნებოდა ქვეყნისთვის სასარგებლო ან ისეთი, რომელიც წაიყვანდა რუსეთს სერიოზული დათმობისკენ. ეს საუბარი ფაქტობრივად, ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ ამ შეხვედრას მომზადება სჭირდება.

გიორგი მარგველაშვილმა პუტინთან შეხვედრის შესახებ ინიციატივაზე ორი დღის წინ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს დროს, როდესაც რუსეთის ლიდერი მას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება და არა როგორც “ძერჟავის” ლიდერი.

banner
წინა სტატიაშიკალაშოვის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაბუდისტი ბერი დეპრესიაში ჩავარდა და მონასტერს სასამართლოში უჩივლა