პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროის მონაცემებით მომუშავე 102 თანამშრომლიდან ბიუჯეტის პროექტით ვაკანსია მხოლოდ 60 თანამშრომელზეა გათვალისწინებული.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის სპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხდა, შეთავაზებას მიიღებს ყველა თანამშრომელი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას დააკმაყოფილებს.

„31 დეკემბრიდან გამოცხადდა რეორგანიზაცია. 15 იანვრამდე დასრულდება საკადრო პოლიტიკის შემუშავება, განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ყველა იმ საშტატო ერთეულისთვის, რომელიც იმუშავებს და ეს არის 60 საშტატო ერთეულზე. 15 იანვრიდან დაიწყება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი რაც იმას ნიშნავს, რომ 15 თებერვლამდე მოხდება ამ პოლიტიკის მიხედვით თანამშრომლობის შეთავაზება შიდა რესურსისთვის. თუ ისინი შეძლებენ, მიიღებენ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომელიც შემუშავებული იქნება, პირველ რიგში განიხილებიან სწორედ ეს კადრები”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, 15 თებერვლიდან დაიწყება მეორე ეტაპი. ვინც არ, ან ვერ დააკმაყოფილებენ ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას, მათი მონაცემები გადავა საჯარო ბიუროს განკარგულებაში.

„საჯარო ბიურო ეცდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო საჯარო უწყებებში მოძებნოს მათთვის შესაბამისი და მისაღები ადგილები. თუ ამ შემთხვევაშიც არ მოხდება მათთვის მისაღები პირობების შექმნა, მიიღებენ სამი თვის სარგოს ხელფასის სახით”, – განუცხადა პირველ არხს ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპირობითი მსჯავრდებულის სტატუსი 3880 ადამიანს გაუუქმდა – “საარჩევნოდ ხელისუფლება გარიგებაზე წავიდა”
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის წინააღმდეგ – სასამართლოში სარჩელის განხილვა გრძელდება