პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები კახა კოჟორიძე და სოფიო შამანიდი დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და დაპირისპირებული სტუდენტების ორივე ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდეს.
კახა კოჟორიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება.
„ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის და ის გარემო, რომელიც შეიძლება რაღაც გარკვეულ რისკებს ქმნიდეს გარკვეული დაპირისპირებების,  დიალოგის რეჟიმში გადაიზარდოს. ასევე, დამატებით ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტში, კიდევ ერთხელ ცხადია, იქნება აზრთასხვადასხვაობები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტების ორივე ჯგუფს აქვს მთელი რიგი საერთო საკითხები. მაგალითად, ის რომ მიუღებელია “ოდეერის ინსტიტუტის” არსებობა უნივერსიტეტში, ეს მათი საერთო პოზიციაა, ამიტომ, კარგი იქნება თუ ისინი შეეცდებიან მონახონ არა ის საკითხები, რაც ერთმანეთისაგნ განასხვავებებს, არამედ, ის საკითხები,  რომლებიც ერთმანეთის მსგავსი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
სოფიო შამანიდის განცხადებით, ის რჩება აქციაზე და დააკვირდება პროცესს.
პრეზიდენტის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ აქცია მშვიდობით დასრულდება და სტუდენტებს შორის მოხდება შეთანხმება.
პრეზიდენტის მრჩევლები გასულ კვირას უკვე შეხვდნენ აქციის მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატურად გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენას აპროტესტებენ.
banner
წინა სტატიაშითსუ-ს თვითმმართველობა კონტრაქციას უნივერსიტეტის შენობაში მართავს
შემდეგი სტატიაკამპანია “ეს შენ გეხება” ხელისუფლებისგან ფარული ვიდეო კადრების თაობაზე სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ