„პრეზიდენტი პარტიებთან და ე.წ. ექსპერტებთან თანხმდება, როგორ მიიტანონ შეტევა პარლამენტზე“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მორიგ ბრალდებებს უყენებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ,,ე.წ. ექსპერტებთან” ერთად, საქართველოს პარლამენტზე შეტევას გეგმავენ.

კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, რომელიც გრძელდება:

“ჩვენ გვაქვს დიდი იმედი ჯერ კიდევ, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება. თუმცა, არის კონკრეტული პროცესები, რომელიც საპირისპიროზე მიუთითებს სამწუხაროდ. საქართველოს პრეზიდენტმა მთელი კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც გრძელდება და ეს კამპანია გაგრძელდება როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ბოლოს შედგა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს და ე.წ. ექსპერტებს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაგეგმონ ერთობლივი კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა ამ სისტემაში, პარტიებთან თანხმდება თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, თავისი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით, ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე” ,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“სწორი პასუხები საზოგადოებისგან მოდის” – პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლელებებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“მე არც არავის შევეკვრები და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით” – გიორგი მარგველაშვილი