პრეზიდენტი – ვინც ამდენს ლაპარაკობდით ვითომ მშვიდობაზე, გვაშინებდით გარე ომის საფრთხით, ახლა გინდათ, დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი გამოვა და არც – მეორე – ქვეყანა წავა თავისი გზით, მშვიდობიანად გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს

ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან ერთად და ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს ქვეყნის განვითარება, ქვეყნის განვითარებას ჭირდება მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ჯერ გარე ომის საფრთხით აშინებდა საზოგადოებას, ხოლო ახლა კი შიდა ომითა და რევოლუციით აშინებს.

„არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ძალიან აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის დასტური. გუშინაც ალბათ, იმედი ჰქონდათ და იმდენი პოლიციელი ამიტომ იყო თავისუფლების მოედანზე თავმოყრილი. შიგადაშიგ პოლიტიკურ პარტიებს აბრალებენ, რომ მათ უნდათ გადატრიალება, რევოლუცია და ამიტომ უნდა დაიჭირონ და გააუქმონ რაღაც პარტიები. მეც მაბრალებენ რადიკალიზმს და არ ვიცი სად დაინახეს.

გვაქვს შეგნებული, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და ვისთან ერთად გვინდა, ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან ერთად და ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს ქვეყნის განვითარება, ქვეყნის განვითარებას ჭირდება მშვიდობა. თქვენ, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდით ვითომ მშვიდობაზე, რეალურად გვაშინებდით გარე ომის საფრთხით, ახლა გინდათ, რომ დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავისი გზით მშვიდობიანად გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს და იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია საჭიროა” – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაედგარს რინკევიჩსი – პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს ვუჭერ – პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია