პრეზიდენტი: ვართ პატარა ქვეყანა იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს აგრესიულ ქცევას, არ გვაქვს საშუალება, სამხედრო კუთხით გავუთანაბრდეთ, ამიტომ უნდა ვიყოთ ამ ძალაზე უფრო ჭკვიანები

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა იმ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იმპერიად ყოფნას, აგრესიულ ქცევას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 2008 წელს, რუსეთთან ომის დროს ვლადიმერ პუტინმა აღიარა სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მისი თქმით, მაშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომლის შესახებ დღეს ბევრს საუბრობენ და ასევე, ნიკოლა სარკოზი იყო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს კონფლიქტი მოსკოვთან არასწორად იყო მართული საქართველოსა და ევროკავშირის მიერ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტში ნიკოლა სარკოზიმ სასარგებლო როლი შეასრულა, რომელსაც სხვა ვერავინ შეძლებდა.

„არა. არა. იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებდი, რომ ამ კონფლიქტში ნიკოლა სარკოზიმ სასარგებლო როლი შეასრულა, რომელსაც სხვა ვერავინ შეძლებდა; მოსკოვი, რომელიც იმ დროს ორთავიანი იყო, პუტინი და მედვედევი – ორივენი იყვნენ სათავეში, არავინ და არც ერთი მათგანი არ აიღებდა თავის თავზე ბრძანების გაცემას სამხედროებზე, რათა შეეწყვიტათ საქართველოში შემოჭრა და დედაქალაქში შემოსვლა. მე მჯერა, რომ მან [სარკოზიმ] თავისი როლი ითამაშა. ცხადია, კონფლიქტი ვერ გადაჭრა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამბობს თუ არა ამით სალომე ზურაბიშვილი, რომ სააკაშვილმა არ ითამაშა მსგავსი როლი, შეცდომები დაუშვა და ზედმეტად საომარ განწყობაზე იყო, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა არ მოუსმინა გაფრთხილებებს.

„ყოველ შემთხვევაში, მან არ მოუსმინა გაფრთხილებებს. არ მოუსმინა არც ევროპელებს, არც ამერიკელების მუდმივ გამეორებებს, რომლებიც ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ საქართველოში, რომლებიც იმ დროს საკმაოდ იყვნენ ჩართულნი და უპირველეს ყოვლისა, ამბობდნენ, რომ მას უნდა გაეძლო შექმნილი ვითარებისთვის. არის პროვოკაციები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა იმ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იმპერიად ყოფნას, აგრესიულ ქცევას და რომელთანაც ნათელია, რომ არ გვაქვს საშუალება, სამხედრო კუთხით გავუთანაბრდეთ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ძალაზე უფრო ჭკვიანები“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, თუმცა საზოგადოებას სწრაფი მიზნის მიღწევის ილუცია არ უნდა შევუქმნათ, რომელიც ნიჰილიზმს თესავს“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა