პრეზიდენტი თანხმობის ერთიანი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” წინადადებას უერთდება

მინდა შევუერთდე “თავისუფალი დემოკრატების” მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, თანხმობის ერთიანი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დასრულებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო გარემო ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ 2016 წლის არჩევნები ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს, რისთვისაც მნიშვნელოვანია თანხმობის ერთიანი დოკუმენტის შექმნა, რომელშიც უმრავლესობა და უმცირესობა გაერთიანდება, რაც საუკეთესო გაზავნილი იქნება ქვეყნის გარეთ საქართველოს პარტნიორებისთვის.

“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავისვა იმ თანხმობის ემოციას, რომ 2016 წლის არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო. აღვნიშნე იმის თაობაზე, რომ 2012 წლიდან თვისობრივად შეიცვალა და უკეთესი გახდა საარჩევნო გარემო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და რეალურად ევროპულ სტანდარტებს უნდა მივაქციოთ ამ მიმართულებით ყურადღება. მესმის ის კრიტიკული გამონათქვამები, რომელიც რიგ საკითხებთან მიმართებაშია, მაგრამ მინდა შევუერთდე “თავისუფალი დემოკრატების” მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, თანხმობის ერთიანი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით. თუ ამაზე კიდევ ერთხელ იქნება პარტიული მზაობა ყველა მიმართულებით, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან, მზად ვარ საპრეზიდენტო ინსტიტუტის და პირადად ჩემი ჩართულობა უზრუნველვყო ამ მიმართულებით ფორმატის შექმნისათვის. ასეთი თანხმობის დოკუმენტი, რომელშიც ჩვენ ყველა გავერთიანდებით, ჩემი აზრით, იქნება მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი და ძალიან კარგი გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, რაც ჩვენი მთავარი საზრუნავია, ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ იმ ჯგუფებს, რომელსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა ლარის დევალვაციამ”
შემდეგი სტატია,,უზნეო სიცრუეა, როდესაც შეწყალებისა და პოლიტიკურ ნიშნით დაპატიმრებულთა ამნისტიაზე პოლიტიკური შოუ აგორდა”