პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობას არჩევნების შემდეგ დაასახელებს

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ანგარიშს უწევს ოთხი ოპოზიციური პარტიის პოზიციას და პრემიერის კანდიდატურასა და ტექნიკურ მთავრობას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაასახელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. იგი ამბობს, რომ უკვე ჰყავს პრემიერობის კანდიდატი, თუმდა დისონანსის თავიდან არიდების მიზნით მის ვინაობას არჩევნების შემდეგ გაამხელს.

“მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი – ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ მე ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, იმიტომ რომ აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს და მათგან მოვისმინე, რომ ისინი თვლიან, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. მართალია მათი ინტერპრეტაცია ქარტიის, რომ არ წერია იქ, მანამდე უნდა იყოს თუ მერე და რადგან მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების მერე იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა.

ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული, არის ბევრად ადვილი მათთვის, რომ შეჯერდნენ ეს პარტიები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ხედვა და არ არის ეს ერთი ჯგუფი… ამას შევძლებთ და ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს ტექნიკური მთლიანად, შეიძლება იყოს შერეული, ამაზეც დავიწყებთ შეჯერებას არჩევნების შემდეგ. უკვე იყო რაღაც საუბრები, მაგრამ ამისი დრო მოდის მერე და ამაზე მეც მინდა, რომ ამომრჩევლებსა და საზოგადოებას ვუთხრა, რომ არსად მივდივარ, აქ ვარ, არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას.” – ამბობს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ხვალ ვნახავთ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ივანიშვილს ეშინია რუსეთის – დაემორჩილა ყველა მიმართულებით, მათ არაფერი გაუკეთეს