საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს აშშ-ის წარმომადგენლებთან, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტურნერთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მათ მრავალ საკითხთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური გზა და რუსული ოკუპაცია განიხილეს.
“შევხვდი საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტურნერს.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.
მათი ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია აშშ-ის საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა”, – წერს პრეზიდენტი.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტურნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ.
ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.