სამი კვირა გავიდა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ყველა პარამეტრის მიხედვით კარზე გვადგას, რასაც ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი არ დაუშვებს.
„ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება, ერთი ასეთი საფრთხე დესტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას მოჰყვეს, რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით, კარზე გვიდგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ, ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა ერთად მოვძებნოთ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზე და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს თუნდაც, არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი, სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ ლიდერებს არსებული კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს. გეგმა ასეთია
1. ახალი არჩევნები – ახალი არჩევნები საერთაშორისო გამოძიებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოირკვეს სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა და გამოსასწორებელია. ასევე, ახალი ცესკოს დაკომპლექტება და საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით, საარჩევნო დავების სპეცსასამართლოს შექმნა.
2. 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – ვინაიდან არ შედგა არჩევნები, არ შეიძლება შედგეს არაფერი ახალი – არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, ანუ ვაგრძელებთ არსებულით, გარდამავალი პერიოდის სტაბილურობისთვის. უკვე ვმუშაობ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე.