პრეზიდენტი საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროპასთან უვიზო რეჟიმის სიკეთეების უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც პრაქტიკული განზომილების თვალსაზრისით, ასევე მისი პოლიტიკური მნიშვნელობის მიმართულებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ პრობლემატიკას, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლობის პრინციპის ბოროტად გამოყენებასთან. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, ევროპულმა მხარემ დაადასტურა და პოზიტიურად შეაფასა ის ძალისხმევა, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს საინფორმაციო კამპანიის წარმოების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებით.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ძალისხმევას და მზად არის, როგორც ბრიუსელთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ახალი შესაძლებლობები ეძებოს, რომ ეს პრობლემა, საბოლოო ჯამში, აღმოიფხვრას.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე ცირკულარული მიგრაციის – დროებითი შრომითი მიგრაციის თემატიკაზე. ევროკომისრის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ მათ დამატებით იმუშაონ შესაბამის ქვეყნებთან და დამატებით წაახალისონ იმისთვის, რომ საქართველოსთან მსგავსი ტიპის შეთანხმებები დაიდოს.

banner
წინა სტატიაშიგეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღომში, პოლიციის შენობასთან აქცია იმართება
შემდეგი სტატიაგერმანია და საფრანგეთი თანამშრომლობას აღრმავებენ