საზოგადოებრივი მაუწყებელი სამჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში, სამივეჯერ უარი მივიღეთ. მე მგონი, ეს არის მათი ქარტიის დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის და უფლებების დაცვისთვის ის, თუ რა ხდება მედიასივრცეში.
„სანამ დავიწყებდეთ, მინდა ერთ რამ აღვნიშნო, რომ სამწუხაროა ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. ორი არხი აქ არ ესწრება, ეს მათი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული, როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან. მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში, ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა თუ არ იქნებოდა ეს ყველასთვის ღია ფორმატი, მეორეჯერ – ცალკე ინტერვიუ და მესამეჯერ, დღეს, რომელიც ნამდვილად საყოველთაო ფორმატია. სამივეჯერ უარი მივიღეთ. მე მგონი, ეს არის მათი ქარტიის დარღვევა. პირველ რიგში მინდოდა ეს აღმენიშნა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის და უფლებების დაცვისთვის ის, თუ რა ხდება მედიასივრცეში. მადლობა ყველას, რომ ესწრებით დღევანდელ პრესკონფერენციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.