პრეზიდენტი-საკუთარი კრიზისის ფონზე, ევროკავშირი ჯერ ვერ ყალიბდება, რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს უახლოეს მეზობლებთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები ჩვენზეც ისახება. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსიტისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო – როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას.

ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრებს.

ჩვენი რეგიონის ირგვლივ არ ცხრება კრიზისები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

ამავე დროს, საქართველოს წინაშეა საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები; რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან და სუვერენობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია და მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის.

ბოლო პერიოდში გაჩნდა ჩვენთვის ახალი და მძიმე გამოწვევა – მიგრაციის უწყვეტი ტალღა, რომელიც ისედაც რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობას უფრო ამძიმებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მომავალი არის ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველო”
შემდეგი სტატიაშსს-მ დააკავა მამაკაცი,რომელმაც მეუღლე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა