პრეზიდენტი ფრთხილობს და არ უნდა, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგას

პრეზიდენტი ფრთხილობს და არ უნდა, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგას, ალბათ, გადაამოწმებს, გვაქვს იმედი, დაინახავს ამ საქმიდან, რომ შესაძლებელია შეწყალება, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტარისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ბრალდებები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით, რომ თითქოს მას არ უნდოდა დეკანოზის შეწყალება, უსაფუძვლოა.

„შეიწყალებს თუ არა, ეს პრეზიდენტის უფლებაა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ შეცდომაში შეიყვანეს. მან ისარგებლა თავისი უფლებით და შეიწყალა ის ადამიანი, რომელზეც მერე პროტესტი იყო. ახლა პრეზიდენტი ფრთხილობს და არ უნდა, რომ ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგას კიდევ ერთხელ. ალბათ, გადაამოწმებს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დაინახავს ამ საქმიდან, რომ შესაძლებელია. თუმცა, არის თავისი წესი შეწყალების. არსებობს ვადა, რომელიც უნდა გავიდეს და მერე შეიძლება შეწყალება.

ჩვენ ადრეც ვითხოვეთ შეწყალება, ვიდრე მიდიოდა გამოძიება, შეწყალება მაშინ არ ხდება. როცა იყო განაჩენი, ჩვენ მზად ვიყავით შეწყალება გვეთხოვა. თავიდანვე პატრიარქმა თქვა, ვერ დავიჯერებ, რომ სასულიერო პირი ასეთ რამეს აპირებდაო. განაჩენის შემდეგ იყო სურვილი შეწყალების, მაგრამ თვითონ მამა გიორგიმ ხელი შეუშალა ამას და რატომღაც შანტაჟის ენით დაელაპარაკა ეკლესიას. ჩვენ გავჩერდით, რადგან არავის ჰგონებოდა, რომ წერილის გამო შეშინდა ეკლესია. ორი წელი რომ გავიდა გამოჩნდა, რომ არ არსებობს ეს წერილი. სინოდის ერთობლივი გადაწყვეტილებით ვითხოვეთ შეწყალება. პატრიარქი თავიდანვე ითხოვდა შეწყალებას, ახლა რატომ იტყოდა უარს. უსაფუძვლო ბრალდებებია მისი მისამართით. უსაფუძვლოა სრულიად და რითია მოტივირებულია მსგავსი განცხადებები, გაუგებარია“,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის საშობაო ეპისტოლე: მიეც საპყრობილეთა შინა მყოფთ თავისუფლების სიხარული
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას ემოციური პოსტი-კაცი საკაცით მომიყვანეს შეხვედრაზე