10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

პრეზიდენტი ნიკუშორ დანი: რუმინეთი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვულ კომპონენტებს არ განათავსებს

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ ქვეყანა საშუალოვადიან პერსპექტივაში საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული კომპონენტების განთავსებას არ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააჟღერა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მზად არის, ქვეყნის ბირთვული ქოლგა ევროპელ პარტნიორებს გაუზიაროს, რათა მოკავშირეები რუსეთიდან მომავალი საფრთხისაგან დაიცვას.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთი საფრანგეთის მიერ ინიციირებულ მოლაპარაკებებზე მიწვეული იყო, ბუქარესტმა ამ ეტაპზე სტატუს-კვოს შენარჩუნება ამჯობინა.

ნიკუშორ დანის განმარტებით, რუმინეთი, როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო, აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი „ბირთვული ქოლგის“ ქვეშ უკვე იმყოფება. პრეზიდენტის თქმით, ეს დაცვა ქვეყნის საჭიროებებს უკვე აკმაყოფილებს და ის არ გულისხმობს რუმინეთის მიწაზე ბირთვული ელემენტების ფიზიკურ არსებობას. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი და გერმანია უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობენ ბირთვული შეკავების ჯგუფის შექმნაზე, სადაც ისეთი ქვეყნები გაერთიანდებიან, როგორებიცაა პოლონეთი, საბერძნეთი და შვედეთი.

მაკრონის ინიციატივა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაც განსაკუთრებით აქტუალური ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპელი მოკავშირეების მისამართით გამოთქმული კრიტიკისა და ირანთან მიმდინარე ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე გახდა. ანალიტიკოსების შეფასებით, რუმინეთის პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება მოკავშირეებისთვის კვლავ ტრადიციულ გარანტორზე, აშშ-ზე დგას.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის
შემდეგი სტატია„ევრონიუსი“ – ევროპოლი ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროკავშირში ტერორისტული საფრთხის ზრდასთან დაკავშირებით ავრცელებს გაფრთხილებას