პრეზიდენტი – ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ, ჩემი იმედი ნუ გექნებათ! – გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის

გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა: ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე, მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების საკითხს.

პრეზიდენტმა მმართველ გუნდს ასევე შესთავაზა, კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის გადაწიონ და არჩევნების შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს, კანონი რუსულია თუ არა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა ეძახა მოღალატე, საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, უცხოელები ან აქაური „ენჯეოები“, წარმოგვიდინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ“ – იფიქრეთ თქვენ და იყავით!

მე ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ. რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი – ეს არის რომ ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ; ან მარტივად, თქვენ თვითონ გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ ვინც მოვა ხელისუფლებაში ის გადაწყვეტს ეს კანონი რუსულია თუ რაღაც სხვა კანონების გადამღერება.

ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ ამ თამაშში შევალ და ამ კანონს გავაპატიოსნებ. არა, ეს არის რუსული, დარჩება რუსულად და თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი აქციის მონაწილეებს – არის რაღაც გეგმები, პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ – მინდა, მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პოლიციას: არ გაბედოთ, ის რაც პრემიერისგან ისმინებოდა – რეპრესიები/ძალადობა