პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შარლ მიშელის დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა.

„ვფიქრობ, მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან საუბარი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი, ამნისტიის კანონი სამართლებრივი კუთხით და მივაღწევთ შედეგს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ულტიმატუმების დრო არ არის. მინდა, ყველას ვუთხრა, შედგა შეთანხმება, ახლა დროა, ამ დოკუმენტის მაქსიმალურად შესრულების და არ არის დრო დავუბრუნდეთ იმ გზავნილებს – ასე თუ არ მოიქცევი, მე გავალ, მე შევალ, მე არ შევალ. საზოგადოება ამით დაიღალა და ეს გამოჩნდება არჩევნებში. თუ ყველა არ მიხვდება, რომ საზოგადოებას უნდა წინსვლა, უნდა შედეგები. ჩვენ ეკონომიკურად რთულ პერიოდში ვართ, გამოვდივართ ამ კრიზისიდან. პანდემიაც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, ისმის სხვადასხვა ქვეყნებში შემაშფოთებელი გზავნილები ახალ შტამებზე, ამიტომ ფრთხილად ვიყოთ და არ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი მოხსნილია, ვიფიქროთ წინსვლაზე. ეს იყო უკრაინაში ჩემი გზავნილი. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის სავარაუდოდ შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატიაბუჩუკური: გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან