საქართველოს პრეზიდენტი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს, როგორც მარგველაშვილი ამბობს, მისიმ კამპანია ამომრჩევლის გასააქტიურებას ისახავს მიზნად.
ამასთან “მაესტროსთან” პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი.
“ხვალიდან ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი”- თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია და სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურებას შეეცდება. “რიგები საარჩევნო ყუთებთან არის გარანტია ქართული დემოკრატიის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ღია ეთერში საარჩევნო გარემოც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნებს 2012 წლის არჩევნებს ვერ შეადარებ. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა კორცხელის ინცინდენტზე სამართალდამცავების რეაგირებით.
”ახლა არის თვისობრივად უკეთესი საარჩევნო გარემო. კორცხელთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაწუხებს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირება. 2012 წელს კორცხელი იყო ყოველდღე. მუდმივად ხდებოდა მედიის შეზღუდვა, მუდმივად ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, რაც სამწუხაროდ მაშინ პოლიტიკოსებში იყო. მედია დღეს ბევრად უფრო თავისუფალია” – განაცხადა მარგველაშვილმა.