პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარდგება. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 6 მარტს მივა.

სავარაუდოდ მომავალ კვირაში პარლამენტის სხდომათა დარბაზი კიდევ ერთხელ გახდება მწვავე დისკუსიის და დებატების ადგილი.

პრეზიდენტს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ოპოზიციის მწვავე შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენებენ იმ ხმაურიან განცხადებებს, სადაც მან საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში არაერთხელ დაადანაშაულა.

„ჯერჯერობით, ერთადერთი შედეგი, რაც მოიტანა ქალბატონი ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამ, გახლავთ ის საერთაშორისო და შიდა ზიანი, რომელიც ქართულ დემოკრატიას და საქართველოს მოუტანა ძალიან ცუდად ჩატარებული არჩევნების მეორე ტურმა. ამიტომ, მე ვერ ვხედავ, თუ რა შინაარსობრივი დატვირთვის უნდა იყოს მისი მოხსენება,“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოხსენება ძირითადად, სამომავლო გეგმებზე საუბარს დაეთმობა.

„ვვარაუდობ, რომ მისი მოხსენება ორიენტირებული იქნება მომავალზე, რადგან სულ მხოლოდ და მხოლოდ ორი თვეა, რაც ქალბატონი სალომე შეუდგა თავის საქმიანობას, როგორც პრეზიდენტი. თუმცა, არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგიანი და წარმატებული ვიზიტი ჰქონდა უკვე ევროპაში. ამასთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენ საუბარი. მე ზოგადად მივესალმები, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან და პრეზიდენტთან,“ – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტის მოხსენებას – რა საკითხებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, ამის შესახებ განცხადება ადმინისტრაციაში დღეს გაკეთდება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : გვწამს, რომ ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყო ქართული ბიზნესი და უნდა იყვნენ ქართველი მეწარმეები
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება