პრეზიდენტი : ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს სთავაზობს.

საქართველოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, დაამკვიდროს პრობლემურ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა და შესთავაზოს ის საკითხები პარლამენტს, რომელიც მისი აზრით უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პარლამენტში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას; ამასთან, ბოლო ოთხი წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ექვსი წლის ვადით შეირჩა და დაინიშნა მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე, იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია.

„შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ – დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას – ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის აზრით, პარლამენტთან თანხმობითა და თანამშრომლობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება პროგნოზირებად და კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებულ სტაბილურობად უნდა იქცეს – გამოწვევები კი, შესაძლებლობებად. სრულად უნდა ამუშავდეს ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები, შეიქმნას დამატებითი ინსტრუმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – არჩევნები, მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში შედგა
შემდეგი სტატიამივმართავ მმართველ პარტიას – დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად