პრეზიდენტი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შრი აშოკ გაჯაფთჰი რაჯუს შეხვდა და საქართველო – ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის დიდი პატივია ისეთი დიდი ისტორიის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და დემოკრატიული განვითარების ქვეყანასთან ურთიერთობა, როგორიც ინდოეთია.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და ინდოეთს შორის გააქტიურებულ ორმხრივ მოლაპარაკებებს, რაც კიდევ უფრო გაააქტიურებს ბიზნეს და ტურისტულ აქტივობებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ტრანსკონტინენტალურ პროექტებზე, რომელშიც საქართველო ცენტრალურ როლს ასრულებს.

„ჩვენი მიზანია გავხსნათ კარი და შესაძლებლობები აზიისთვის ევროპისკენ. მჯერა, რომ ამ პროექტების მიმართ ინდოეთს მაღალი დაინტერესება ექნება და მომავალში თქვენ აქტიურად ჩაერთვებით სამუშაოებში, რომელიც გაზრდის ტრანსპორტირების და ვაჭრობის შესაძლებლობებს აზიიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორმხრივი ინვესტიციების წახალისების მიზნით თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოთქვა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო საინტერესო ქვეყანაა, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით მოწინავე ქყვენების გვერდით დგას.

„მჯერა, რომ ეს საინტერესო ბაზარი იქნება ინდური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროსა და GIZ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა