პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატების შესახებ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს.

ეკა მიშველაძის განცხადებით, ლევან ბოძაშვილი მაღალი კვალიფიკაციისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კანდიდატია.

„ამ დრომდე ლევან ბოძაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. მანამდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის სამართლებრივი მრჩეველი. მუშაობდა, გაერო-სა და ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი. რაც მთავარია, მას აქვს სუფთა წარსული, რაც აუცილებელია მოსამართლისთვის. პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ სასამართლო სისტემა საჭიროებს ძირეულ და ფართომასშტაბიან ცვლილებებს. მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება მოსამართლეების გარეშე“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კითხვაზე რატომ ჭიანურდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა. ამ საკითზე პრესსპიკერმა აღნიშნა -“პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას არ ჰყავს მოკავშირეები არც ერთ პოლიტიკურ ძალაში იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლოს რეფორმა”.

ეკა მიშველაძის თქმით, სწორედ ამით შეიძლება აიხსნა ის პროცესი, რაც მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ხდება.

მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემა საჭიროებს ძირეულ და ფართომასშტაბიან ცვლილებებს.

„მოსამართლეები პირველ რიგში სჭირდება სასამართლოს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება გათავისებული აქვთ პარლამენტის წევრებსაც და გულისყურით მოეკიდებიან წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცებას, რასაც უკვე მრავალი თვეა ვერ ახერხებენ“, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიგოგლა ჟვანია: რევოლუციის დროს კობა ნარჩემაშვილმა ქვეყანას ხიფათი არ შეუქმნა
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს