პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმას მოკლე დროში ჩამოაყალიბებენ

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმას მოკლე დროში ჩამოაყალიბებენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

„პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ეკა მშველაძემ.

ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციაში ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და კურსის დროებითი ცვლილების გამომწვევი მიზეზები განმარტა.

განცხადების თანახმად, უახლოეს დღეებში, ერთობლივი სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდება, რომელიც სხვა ღონისძიებებს შორის, დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით, საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიახალ ზელანდიაში მიწისძვრის შემდეგ კაიკუტას მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს