პრეზიდენტი ეტიკეტზე სხვას ელაპარაკება და თვითონ პიანისტს პირდაპირ ეთერში უვარდება

ხმაურიანი გამოდგა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქართული მედიისთვის მიცემული პირველი ინტერვიუ. მან გაიმეორა ის რიტორიკა, რითაც მისი განცხადებები გაჯერებული იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. განცხადება, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა, კიდევ ერთხელ გაიმეორა. პრეზიდენტმა, ერთი მხრივ, რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა, ხოლო მეორე მხრივ, ომის დაწყებაში პრაქტიკულად საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი დაადანაშაულა. ამასთანავე მან ყველას პროტოკოლის დაცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ პრეზიდენტი სატელევიზიო სტუდიაში არ უნდა დადიოდეს.
პრეზიდენტის ინტერვიუს გზავნილების შესახებ “ახალ თაობასთან” პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს. პრეზიდენტმა ინტერვიუ გადაცემა ‘რეაქციას’ მისცა, რომელიც ეთერში 19 მარტს გავიდა.

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba_ შეაფასეთ პრეზიდენტის ინტერვიუ. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მისგან ის რიტორიკა, რასაც აგვისტოს ომზე წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ ცხინვალი მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა. რა გზავნილი იყო პრეზიდენტისგან?
_ იცით რა არის? როგორც იტყვიან, კახური სიჯიუტით ის თავისას აგრძელებს. არ ვიცი, რა ლოგიკა ვუწოდო ამას, რა ლოგიკითაც ის აზრის ჩამოყალიბებას ცდილობს. შეიძლება სამზარეულოში ამაზე იყოს დისკუსიები, მაგრამ პრეზიდენტის რანგში ასეთი განცხადებების გაკეთება, ეს უკვე საბოტაჟის ხასიათს ატარებს, ასეთია ჩემი აზრი.
ერთი მხრივ ის ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია, მაგრამ ამასთანავე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი. როგორ შეიძლება ადამიანი ვერ მიხვდეს, რომ როდესაც შენ ამას ამბობ, ამით რუსეთს უქმნი ალიბს. მას აძლევ აბსოლუტურ მოტივს იმის მტკიცების, რატომ გადაკვეთეს საზღვარი და რა იყო მისი ამოცანა. ასე რომ ვთქვათ, მოსახლეობის დაცვა, ასე იქნება გამოყენებული. ასეთ მარტივ ორსვლიან კონსტრუქციას რატომ ვერ აგებს ადამიანი თუ შეგნებულად არ აგებს, ეს ჩემთვის გაუგებარია. ეს მხოლოდ განწყობების თემა არ არის.
იმიტომ, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები საერთაშორისო სასამართლოებში. ბუნებრივია, მისი ეს რიტორიკა პირდაპირი არგუმენტია რუსი ადვოკატების ხელში. მათ არ სჭირდებათ სხვა არგუმენტი. როცა ჩვენი მხრიდან იქნება სხვა პრეტენზიები, მათ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს პრეზიდენტი ლაპარაკობს, ჩვენ რა შუაში ვართო.
_ ის რა რიტორიკა იყო მისი მხრიდან, როდესაც ის საუბრობს, რომ ეს საკითხები ქვეყნის შიგნით უნდა განვიხილოთო და ამ დროს სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს ამას?
_ დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ხომ აბსურდია?! რომელ სამყაროში ცხოვრობს?! კი ბატონო, შიგნით განვიხილოთ, მაგრამ ეს ხომ სიბრიყვეა, როდესაც შიგნით განსახილველ საკითხებზე პრეზიდენტი საჯარო განცხადებას აკეთებს?! ამ საჯარო განცხადებას მარტო ჩვენ კი არ ვისმენთ, ისინიც ისმენენ და თან იწერენ ამას.
_ ზუსტად მაგიტომ ვსვამ ამ შეკითხვას.
_ როგორ შეიძლება გამიჯნოს ინფორმაციის გავრცელება შიდა მოხმარებისთვის და გარე მოხმარებისთვის?! რომელ საუკუნეში ცხოვრობს?! გაუგებარია. პრეზიდენტის სიტყვას მთელი მსოფლიო ისმენს და უყურებს და ვისაც სჭირდება, მას თავის სასარგებლოდ იყენებს. 2-ჯერ 2 ოთხი რომ არის, ამის ახსნა უნდა სჭირდებოდეს პრეზიდენტს?! ასაკოვანი ქალბატონია უკვე, პატარა გოგო ხომ აღარ არის?!
_ ბოლომდე ვერ გაითავისა, რომ პრეზიდენტია? ასეთი შთაბეჭდილებაც ხომ არ დაგრჩათ?
_ არ ვიცი, რა გაითავისა და რას თამაშობს. ეს ჩემი საქმე არ არის. ამაზე რა შეფასება უნდა გავაკეთო?! ფაქტია, რომ ლოგიკასთან, როგორც მინიმუმ, მწყრალად არის, ეს უკვე აბსოლუტურად ცხადია. გარდა ამისა, ის ლაპარაკობდა ეტიკეტის ნორმებზე.
_ ამაზე მაქვს შემდეგი კითხვა. ეს რას ნიშნავდა?
_ ეტიკეტზე სხვას ელაპარაკება და თვითონ ამ დროს პიანისტს პირდაპირ ეთერში უვარდება ზარებით. რომელ ეტიკეტზეა საუბარი. რა ჭკუას გვასწავლის ეს ადამიანი, რა ეტიკეტზე გველაპარაკება. მაგალითად, დრესკოდი ეტიკეტის ნაწილია. დახედოს სურათს, როგორ დგანან წითელ ხალიჩაზე თვითონ და დალია გრიბაუსკაიტე, კონტრასტს ვერ ხედავს?! ეს ადამიანი უნდა გვასწავლიდეს ეტიკეტს?! საერთოდ რაზე საუბრობს?!
_ მისი ახსნა თუ იყო დამაჯერებელი, როდესაც თქვა, გამაფრთხილეს, რომ სიცივე იქნებოდაო?
_ რა დამაჯერებელი, ცხოველების დაცვაზე გააკეთა აქცენტი. რა შუაშია აქ ცხოველების დაცვა? აქ იმაზე კი არ არის საუბარი, შუბა ეცვა თუ პალტო, არამედ საუბარია იმაზე, ესთეტიკურად როგორ გამოიყურებოდა მთლიანობაში და ორი ქალბატონის ჩაცმულობაში რა კონტრასტი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დრესკოდი ეტიკეტის განუყოფელი ნაწილია. ამ სურათს ვინც შეხედავს, გაეცინება, მით უმეტეს, როცა ეს ადამიანი ჩვენი ეტიკეტის რაღაც ნორმებს გვასწავლის.
_ დაიწყო პროტოკოლზე საუბარი, რომ თურმე პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს სტუდიაში. ეს სადმე, რომელიმე პროტოკოლის წესებში წერია?
_ რა პროტოკოლში უნდა ეწეროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირდაპირ ეთერში შეუვარდა პიანისტს ინტერვიუს დროს. რომელ პროტოკოლში წერია, რომ ინტერვიუს დროს პრეზიდენტი ვიღაცას ინტერვიუში უნდა შეუვარდეს?!
_ ხატია ბუნიათაშვილთან მის ზარს გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა. რომელ პროტოკოლში წერია. რა შუაშია აქ პროტოკოლი?! ან უცხოეთში როცაა და ინტერვიუს აძლევს, როგორ ეუბნება, წავიდეთ და პრეზიდენტის, ჩემს სასახლეში უნდა მოგცეთ ინტერვიუ, ისე არ მოგცემთო თუ რანაირად აკეთებს?! აბსოლუტურად გაუგებარია. მის განცხადებებში რაიმე ლოგიკის დანახვა წარმოუდგენელია.
_ რაც შეეხება ოკუპაციის თემაზე მის განცხადებებს, ეს სწორი იყო?
_ კი. როდესაც ის საუბრობს რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციაზე, თითქოს ადეკვატურია ეს ადამიანი, მაგრამ ამასთანავე როცა ამბობს, რომ ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი და ამით შევუქმენით რუსეთს საფუძველი, რომ საზღვარი გადმოეკვეთა, ეს რას ნიშნავს?! მეორე ნაწილს კი აღარ ამბობს, რაც მე გითხარით, მაგრამ ეს უკვე იგულისხმება. შენ თუ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავ, ამით შეიძლება ვიღაცას შეექმნას ლეგიტიმური საფუძველი, მოსახლეობის დაცვის მიზნით საზღვარი გადმოკვეთოს. ასეთ უნივერსალურ არგუმენტს აძლევს რუსეთს ჰააგაში, სტრასბურში თუ სხვაგან. სხვადასხვა სასამართლო დავებში.
_ მისი თავშეკავება სხვადასხვა საკითხებზე როგორ აიხსნება?
_ თავშეკავებაა თუ რაც არის, ეგ არის რაც არის. შეიძლება რაღაცა მომეწონოს მის გამოსვლაში ემოციურად, მაგრამ სხვა განცხადებებით ყველაფერს აუფასურებს.
_ თავშეკავებაში იმას ვგულისხმობ, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე არ გამოთქვამს პოზიციებს. იგივე სასამართლოს თემაზე და ა. შ.
_ ის ეძებს საკუთარ კომფორტს. ამით არაფერი ზიანდება განსაკუთრებულად. არ უნდა რამეზე კომენტარის გაკეთება? ნუ გააკეთებს. ამას ვერ გადავყვებით, თუმცა, გაუგებარია. ამბობს, რომ სახელმწიფოს მეთაურია და თურმე სტუდიაში ვერ მივა. იმიტომ, რომ არ ეკადრება, მეორე მხრივ ამბობს, რომ რაც მისთვის არაკომფორტულია, ეს მე არ მეხება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებო. თვითონ საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ გააკეთებს კომენტარს, როგორ მიდიოდა კამპანია და რის ფასად. რა დაუჯდა `ქართულ ოცნებას~ მისი გაპრეზიდენტება?! არ რცხვენია ამისი?! თუ ესეც არ არის მისი საქმე?!
_ აღიარა დარღვევები, მაგრამ თქვა, რომ არ იყო იმ ტიპის დარღვევა, რომ ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგესო.
_ რა არ იყო?! ჩვენ ამაზე ლაპარაკი არ გვინდა და ამას გავანებოთ თავი, მაგრამ მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ რომ დგას, ამას ვერ ხვდება?! ისე რომ უნდა იქცეოდეს, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია ჰქონდეს და არა ჭკუის მასწავლებლის როლში გამოდიოდეს, ეტიკეტს გვასწავლიდეს აბსოლუტურად უადგილოდ, ეს არის სწორი?!
რა გამოდის, მარგველაშვილი სტუდიაში რომ დადიოდა, ეტიკეტს არღვევდა?! იმან არ იცოდა და ქალბატონმა სალომემ კარგად იცის. მაშინ უცხოეთშიც რომ მიდის, არც იმათ არ მისცეს ინტერვიუ და თავის სასახლეში დაპატიჟოს და მარტო იქ ელაპარაკოს.

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი: “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაში,,დღეს სხვა დროა საქართველოში და პროკურატურა არც მე და არც სხვას არაფერს უთანხმებს”
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური – საცხოვრებელი ობიექტები, სადაც ხანძრები ყველაზე ხშირად ჩნდება, საქართველოში სახანძრო ზედამხედველობას არ ექვემდებარება