პრეზიდენტი დაიცავს მოსამართლეებს – ჩიხრაძე

პრეზიდენტი ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსამართლეებს-ეს განცხადება, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა. ჩიხრაძე მოსამართლეების ზეწოლის საქმეზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად ჩაერთვება საკითხის ირგვლივ ინფორმაციის მოძიებაში.

„პრეზიდენტი როდესაც კი რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდებოდა მოსამართლეთა თავისუფლებასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო ძალიან აქტიური, ძალიან დაინტერესებული. ამ შემთხვევაშიც მე წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, გეტყვით ერთ რამეს რომ პრეზიდენტი ძალიან აქტიურად აპირებს ჩაერთოს ამ საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიებაში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ამ გაჩენილ კითხვის ნიშნებს პასუხს გასცემს.

ეს არის ძალიან რთული თემა, როდესაც მოსამართლეები ლაპარაკობენ ზეწოლაზე და ეს უბრალოდ მითქმა-მოთქმა კი არ არის , არამედ არის ოფიციალური პროცესი და ბუნებრივია პრეზიდენტი ძალიან აქტიური იქნება და ის ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსამართლეებს,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შესაძლო ზეწოლის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. რუსთავი 2-ის იურისტის შეფასებით, საეჭვოა, რატომ არ განაცხადა პროკურატურამ აქამდე გამოძიების დაწყების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის სახელმწიფოს მოკავშირე მოსამართლეების წინააღმდეგ” – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაე.წ. ,,მოსამართლეების საქმეზე” ნინო გვენეტაძე კომენტარს არ აკეთებს