პრეზიდენტი – ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ლიეტუვის სახით გვყავს კარგი მეგობარი

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, ლიეტუვის სახით გვყავს ასეთი მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას თავად გაეცნო.

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ იმყოფებით საქართველოში. ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში და ამ პირველი ვიზიტის ფარგლებშივე მოვაწერეთ ხელი ამ ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, რომ გვყავს ასეთი მყარი მეგობარი, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე.

მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები, რამეთუ ეს წელი არის ძალიან გადამწყვეტი. გადამწყვეტია იმ მხრივ, რომ საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია, როცა ჩვენ დაძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი და ამ დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სწორედ ევროკავშირმა. ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა. ამ რეგიონში სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და ეს ნიშანი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ეს წელი თვით საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ გაღრმავდება და არის ჩვენი მთავარი იარაღი იმისთვის, რომ ჩვენ დავახლოვდით და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში.

სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არა თუ ვხედავთ დეესკალაციის რაიმე ნიშანს, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები. არის გახელაძის სამწუხარო მაგალითი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, შეხვდა იქ ადამიანებს და გაეცნო მათ ძალიან მძიმე მდგომარეობას. ეს მისვლა საოკუპაციო ხაზზე ძალიან ბევრისმეტყველია და ჩვენს სტუმრებს, ჩვენს მეგობრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია ეს მდგომარეობა. ეს კიდევ უფრო აღრმავებს მათში სურვილს, რომ დაგვეხმარონ ამ კუთხითაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიფრანგს, რომელმაც მაკრონს სილა გააწნა, ოთხი თვით ციხე შეუფარდეს
შემდეგი სტატიაევროკავშირი უერთდება აშშ-ს მოწოდებას, კოვიდ-19-ის წარმოშობის დადგენის შესახებ