პრეზიდენტი ცდილობს, კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი, ნეიტრალურობის ნაცვლად, თავს უფლებას აძლევს, მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდეს – ქადაგიშვილი

ბოლო პერიოდში პრეზიდენტი ცდილობს, ცოტა არ იყოს და კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და უფლებამოსილებები. აქედან გამომდინარეა ის, რომ პრეზიდენტი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, იმის ნაცვლად, რომ ნეიტრალური იყოს, მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხთან გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორია საქართველოს საგარეო ვექტორი, მით უმეტეს, ომის პირობებში? ალბათ პრეზიდენტმა უნდა გადახედოს იმ საერთაშორისო რეზოლუციებს, რაშიც საქართველომ მონაწილეობა მიიღო. დაახლოებით 300-ზე მეტი საერთაშორისო რეზოლუცია და სამართლებრივი აქტია მიღებული, სადაც საქართველოს მონაწილეობა აქვს მიღებული. ეს არის ქვეყნის გამოკვეთილი პოზიცია. საუბარი იმაზე, რომ რუსეთზე საუბარი არ ისმის, ერთი მარტივი მოცემულობით გამოვდივართ – თითქოს, ვინც რუსებზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, ჩვენ დავინახეთ, რომ მისმა პოლიტიკამ რუსეთის ყველაზე უფრო მწვავე ყოფნა მოიტანა საქართველოში და შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან დაუდარებელი მუდარა, რომ პუტინს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაველაპარაკებით. ჩვენ ისე ვმოქმედებთ, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია არ გაძლიერდეს, არ განევრცოს და რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე სახვეწარი არ გვქონდეს. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე იმ აგრესიას ვგმობთ, რაც რუსეთის მხრიდან იყო განხორციელებული უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება იმას, როგორია საქართველოს საერთაშორისო ვექტორი და ქვეყნის მუშაობა საგარეო მიმართულებით, ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება პოზიციას მკაფიოდ ამბობს და ეს გამოკვეთილია კონკრეტულ გადაწყვეტილებებში.

„ახლახანს იყო ნატო-ს ისტორიული სამიტი, სადაც საქართველო განსაკუთრებული სტატუსით იყო მიწვეული, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე ახალი პოლიტიკის შემუშავების პროცესში საქართველო რეგიონში არის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი. ამასთან, ამერიკის კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციის აქტი მიიღო, სადაც საქართველოზე კვლავ არის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი არაობიექტურად არ მოგვანიჭეს, ევროკავშირის ლიდერბი ადასტურებენ, რომ ქვეყანას აქვს მძლავრი შესაძლებლობა ევროპერსპექტივაზე და ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა საქართველოს პროგრესის გზაზე რაც შეიძლება შესაძლებელი გახდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსებს გაუჭირდებათ ადამიანური ძალისა და მასალების მოძიება, პაუზა მოუწევთ, რაც უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას მისცემს – ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიადასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა – ვოლსკი