პრეზიდენტი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვედა.

პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს უმაღლეს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილების გამო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მიუთითებს და რუსეთის ფედერაციას პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების, ისე საკუთრებისა და ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების კუთხით.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა აქტუალურად იყოს წამოწეული – განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არც ერთ საერთაშოისო ორგანიზაციას ეძლევა ადგილზე შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა.

მისი მიზანია, გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ევროსაბჭოს დელეგაციის მიერ აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროპის საბჭოს საქართველოსთვის დამტკიცებული წინა სამოქმედო გეგმა.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას, მედიის მდგომარეობას და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.

banner
წინა სტატიაში“ნატოში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ,”- თამაზ მეჭიაური
შემდეგი სტატიასესიაშვილი მიიჩნევს, რომ ლავროვთან შეხვედრა არ უნდა იყოს ”შეხვედრა შეხვედრისთვის”