პრეზიდენტი არასამთავრობოებს – შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც ხდება თქვენზე შეტევა

შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში ხდება თქვენზე შეტევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მათ მიერ გაწეული საქმიანობის გამო.

„არჩევნების წინა დღეს მე გადავწყვიტე შეგხვდეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებით უმნიშვნელოვანეს მოვლენას, ჩვენი დემოკრატიის პროცესის თვალსაზრისით, არჩევნებს.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ვალდებულების შესრულებისთვის, რომელიც აღებული გაქვთ ქართული საზოგადოების წინაშე. ეს მადლობა გეხებათ როგორც პირადად თქვენ, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომელთაც თქვენ წარმოადგენთ.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში ხდება თქვენზე შეტევა.

ასეთი მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას და საზოგადოებად აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა თუ გადაცდომების შესახებ, ასეთი მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექტსშიც თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას, ძლიერებს ამა ქვეყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინააპირობაა ტოტალიტარული აზროვნების.

მინდა კიდევ ხაზგასმით მადლობა გითხრათ თქვენი მოღვაწეობისთვის და ვისაუბრო დღეს თქვენს მიერ უკვე განხორციელებულ დაკვირვებაზე, რის თაობაზეც განცხადებებს გავეცანი, მაგრამ უფრო დეტალურად მაინტერესებს თქვენთან საუბარი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – გამარჯვებამდე რამდენიმე საათი გვაშორებს
შემდეგი სტატიაპოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი და არავის მივცემთ სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას