პრეზიდენტი ამტკიცებს , რომ უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება მმართველმა გუნდმა იცოდა

პრეზიდენტის აღიარება – სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მთავრობის მეთაურები და ბიძინა ივანიშვილი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმირებული იყვნენ. ქვეყნის მეთაურის ამ განცხადებით დასტურდება, რომ მმართველი გუნდის ლიდერებმა იცრუეს, როდესაც ამბობდნენ, რომ პატიმრების შეწყალება მათთვის მოულოდნელი იყო.

გადაწყვეტილების გაჟღერებამდე შევატყობინე კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, -ამბობს ზურაბიშვილი.

როგორც „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან შეატყობინა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს.

„სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც არ ნიშნავს, რომ იმ გარკვეულ პერიოდში, იმ ბოლო პერიოდში, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი სხვათა შორის ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე შტოებს, ინსტიტუტებს ქვეყნის, რადგან არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. შევატყობინე კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და „ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის კითხვის ფორმით არ მიუმართავს, არამედ აცნობა გადაწყვეტილების შესახებ.

„მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე. მინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, რადგან ეს არის ქვეყნის ნორმალური მართვის ფორმა. არ შეიძლება, რომ უცებ, სიურპრიზები შეაგდო. ყველანი უნდა იყვნენ გაფრთხილებული. მითხრა, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა ამირჩიეს და როცა შევხვდით – რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად (იცით, „ოცნების“ დახმარებით ამირჩიეს), მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, იზიარებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი შეხედულებას, რომ შეწყალება იყო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში, პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიზოგის აზრი ეკლესიიდან, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები, არის ჩარევა საერო საქმეებში და სრულიად მიუღებელი – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიასაქართველო უკრაინასთან პირველი ივლისიდან საერთაშორისო რეისების განახორციელებს