პრეზიდენტი: ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას იმ ღირებულებებზე ზეწოლად განვიხილავ, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა.

პროექტი „იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის რეფორმის მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერა“, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, მიზნად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და ადვოკატის სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვის ხელშეწყობას ისახავს.

პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადვოკატთა სასწავლო ცენტრი ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას ემსახურება, რომელთა გარეშეც შეუძლებელია, ქვეყანაში სამართლიანი საზოგადოება, სამართლიანი სასამართლო, შედგეს სამართლებრივი სახელმწიფო შედგეს.

„ადვოკატის პროფესია, ძალიან ძლიერ მორალურ სიმტკიცეს მოითხოვს, რადგან თქვენ ითავისებთ ბრალდებულის პოზიციას და ცდილობთ საზოგადოებას და სახელმწიფოს დაუმტკიცოთ, რომ ყველა ბრალში არსებობს რაღაც გამამართლებელი საბუთები, გამამართლებელი პოზიცია. თქვენ იცავთ სწორედ იმას, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუცია მეც მავალებს – ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანის უფლებაა მიიღოს სამართლიანი სასამართლო.

თქვენ ბევრი რამე გადაიტანეთ. ჩვენ გვსმენია იმ ადვოკატების შესახებ, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა და გვსმენია იმის შესახებაც, როგორ მტკიცედ ერთიანდებოდით თქვენ მათ დასაცავად. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საზოგადოებაში, რომელიც ვითარდება ხშირადაა გადაცდომები. მიხარია, რომ ის ადამიანები, რომელბმაც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაიცვან, თავიანთი პროფესიული ცოდნის ნაწილს აქ, ამ სასწავლო ცენტრში მიიღებენ.

გარკვეულწილად, ის საქმე და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს შორის შედგა დაეხმარება მათ ემსახურონ მთავარს – ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც ადამიანები სამართალზე დაყრდნობით აშენებენ ძლიერ სახელმწიფოს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ადვოკატთა კორპუსს მისი პატივისცემა და მხარდაჭერა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ტიპის ზეწოლა იქნება ადვოკატებზე, თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში, მე განსაკუთრებით მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვდგავარ და მზად ვარ გავაკეთო შესაბამისი პოლიტიკური განცხადებები, რადგან ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ.

ჩემი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვაშია, რეალურად, ყოველდღიურობაში კი, ამას ახორციელებთ თქვენ და თქვენზე ნებისმიერ ზეწოლას, მე განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომელთა დაცვასაც მეც და თქვენც გვავალებს კონსტიტუცია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სასწავლო ცენტრში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაშიენძელა მაჭავარიანი: წამიკითხავს – ხალხი ტელევიზორზე, მაცივარზე, ძაღლზე, კატაზე ქორწინდება
შემდეგი სტატიაIWRP: ყვარლის რაიონის სოფლებში გოგონებს წინდაცვეთას აიძულებენ