პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები კახეთში ადვოკატებს და არასამთავრობოებს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის ორგანიზებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები კახეთში სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და თავის მხრივ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაზიარებას დამსწრე საზოგადოებისათვის.

შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული საქმეები და ზოგადი მანკიერი პრაქტიკა. ადვოკატებმა ისაუბრეს დაკავებისას პირისთვის მისი უფლებების და ბრალის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პრობლემაზე, ასევე ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და დაკავებულის დაკითხვის პროცედურების დარღვევის შემთხვევებზე.

ივნისის თვეში ანალოგიური შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისშიც გაიმართა და სხვა რეგიონებშიც რეგულარულად გაიმართება.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას – წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა
შემდეგი სტატიასასულიერო პირის მკვლელობასა და მძევლების აყვანასთან კავშირში ფრანგმა სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს