პრესმდივნის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სასტუმროშია

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივნის მარიანა პოჩტარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასტუმროშია, სადაც ცოტა ხნის წინ ავტომატებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფებოდა.

მარიანა პოჩტარის თქმით, ამჟამად სასტუმროსთან ფორმიანები იმყოფებიან, ადგილზე იკრიბებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

პოჩტარის თქმით, სააკაშვილი მოგვიანებით მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

უმაღლესი რადას დეპუტატ იური დერევიანკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში, სადაც ის იმყოფებოდა, სპეცდანიშნულების რაზმი ნამდვილად იმყოფებოდა. დერევიანკოს თქმით, მათ სააკაშვილის დაკავება სურდათ.

სასტუმროსთან „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა.

ცოტა ხნის წინ, პარტია „ბატკივშინას“ წევრმა, დეპუტატმა იგორ ლუცენკომ, „ალფას“ მიერ სააკაშვილის აყვანის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რამდენიმე წუთით ადრე კი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ფეისბუქში წერდა , რომ მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად, სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან „ალფას“ სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფებოდა. საყვარელიძე მხარდამჭერებს სასტუმროსთან შეკრებისკენ მოუწოდებდა.

banner
წინა სტატიაშიდოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
შემდეგი სტატია“ყველაფერი კანონის ფარგლებში გადაწყდება,” – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი