საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციითაა გაუარესებული. გასულ, 2023 წელს საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა, 2024 წლისთვის კი 103-ე ადგილზე გადაინაცვლა.
აღნიშნულ ანგარიშში მხოლოდ 2023 წლის მოვლენებია შესული, შესაბამისად, რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გავლენა და მიმდინარე პროცესები 2025 წლის ანგარიშში აისახება.
როგორც RSF-ს წერს, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო რჩება მტრული, იზრდება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი. საქართველოს ხელისუფლების ჩარევა კი ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.
“არის მცდელობები კანონის მიღებისა, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზება და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის დავიწროებაა…,” – წერს RSF.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს მრავალფეროვან, თუმცა პოლარიზებულ მედიაგარემოს და აღნიშნავს, რომ მედიამფლობელები აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას. ამის მაგალითად მოყვანილია რუსთავი 2-ის შემთხვევა, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც მფლობელთა შეცვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს მათდამი კრიტიკულად განწყობილი მედიის კითხვებზე პასუხის გაცემაზე და ზოგჯერ მათ წინააღმდეგ მიმართავს ცენზურას, ცილისწამებისა და დაშინების კამპანიებს.
“მთავრობამ ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომელიც აძლიერებდა პლურალიზმისა და გამჭვირვალობას მედიაში, ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის რეფორმის გზით. ისევე, როგორც კანონპროექტით “უცხოეთის აგენტების შესახებ,” რომელიც კოპირებული იყო რუსული კანონიდან. კანონპროექტი საბოლოოდ გაიწვიეს ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ. სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ შელახონ წყაროების კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით,” – ნათქვამია ანგარიშში.
მასში ასევე საუბარია სარეკლამო ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ სირთულეებზე. ასევე, უმცირესობის საკითხებზე არსებულ პრობლემებზე, რასაც აძლიერებს სამღვდელოება, რომელსაც ზურგს უმაგრებს უშიშროების სამსახურები.
RSF მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსის სათავეში სკანდინავიის ქვეყნები არიან საუკეთესო მაჩვენებლებით თითქმის ყველა მიმართულებით. 2023 წელი განსაკუთრებით რთული იყო მედიისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთან ერთად, გაუარესებულია მდგომარეობა ბელარუსში, აზერბაიჯანსა და სერბეთში:
* ბელარუსმა 167 ადგილზე გადაინაცვლა, მდგომარეობა გაუარესდა10 პოზიციით;
* აზერბაიჯანის მდგომარეობა გაუარესდა 13 პოზიციით და გადაინაცვლა 164-ე ადგილზე;
* სერბეთში კი, სადაც სახელისუფლებო მედიები პროკრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებენ და სადაც რუსეთიდან გაქცეულ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აშინებენ, მდგომარეობა 7 პოზიციით გაუარესდა (98-ე ადგილი);
* მდგომარეობა გაუარესებულია რუსეთშიც, რომელმაც 162-ე ადგილი დაიკავა;
* უკრაინა კი 61-ე ადგილს იკავებს, სადაც მედიაგარემოსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა ომმა მოახდინა.