“ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული”

ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული. ცხადია, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის ინტერვიუს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს და ხაზს უსვამს მათი გაუმჯობესების სურვილს.

“საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. ქართულმა ოცნებამ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი – აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაინდრავა – ვგეგმავთ ფილმის გადაღებას, რომლითაც ინფორმაციას მივაწვდით აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მტერი, გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ პანკისის ხეობაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა