“პრემიერთან საუბრის შემდეგ იმედი გამიჩნდა, რომ პეტრიაშვილის საქმის გამოძიება ბოლომდე მივა”

ირაკლი ალასანია

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს, ირაკლი ალასანიას, პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ იმედი გაუჩნდა, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმის გამოძიება ბოლომდე მივა.

როგორც “2030”-ის პირდაპირ ეთერში ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, სამართალდამცავ სტრუქტურებში ის ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ საქმე სწრაფად იქნას გამოძიებული.

“ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ, გაუგონარი ცინიზმით ჩადენილი დანაშაული, მთელი საზოგადოებისთვის სულისშემძვრელი აღმოჩნდა. პრემიერმინისტრთან საუბრის შემდეგ იმედი გამიჩნდა, რომ ამ საქმის გამოძიება ბოლომდე მივა. შეხვედრისას ჩვენს დეპუტატებს შსს-მ საიმედო ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცავ სტრუქტურებში ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ საქმე ძალიან სწრაფად იქნას გახსნილი. შესაძლოა, გამოძიებამ შემსრულებლებს ძალიან მალე მიაგნოს და შემდეგ დამკვეთებზეც გავიდეს”,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს, რის შედეგადაც მას ორი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შს მინისტრის განცხადებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება განზრახ მკვლელობის მუხლით მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი გაიზარდა
შემდეგი სტატიათურქეთში ტერაქტს ორი პოლიციელი ემსხვერპლა